სტიქია თბილისში

სტიქიით დაზარალებულებს საქართველოს საპატრიარქო 100 000 ლარით დაეხმარება

საპატრიარქო
თბილისში 13-14 ივნისის ღამეს სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდში საქართველოს საპატრიარქო 100 000 ლარს გადარიცხავს. ასევე, ყველაზე მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს, ქალაქის მერიასთან შეთანხმებით, საპატრიარქო გადასცემს სამოთახიან ბინას, რომელიც მრევლმა საქართველოს მართლმადიდებულ ეკლესიას ახლახან შესწირა.
 
საპატრიარქოს განცხადებითვე, ილია მეორემ მოუწოდა მღვდელმთავრებს, რათა ეპარქიები შეძლებისდაგვარად დაეხმარონ დაზარალებულებს. 
 
13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 18 ადამიანი იმსხვერპლა, ხუთი დაკარგულად ითვლება. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა. ამასთან, ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა დღეს მამაკაცი დაგლიჯა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
 

კომენტარები