სტიქია თბილისში

ჯანელიძე: უნებლიეთ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება

ტაბულა

კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს უხდის. მისივე განმარტებით, ცნობა მტაცებელი ცხოველების გარეთ არყოფნის შესახებ საბჭოს ზოოპარკის ადმინისტრაციამ მიაწოდა, რის შემდეგაც აღნიშნული "ყველა კომპეტენტურ ინსტანციაში გადამოწმდა".

"მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ცხოველებთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ შემდეგი. კრიზისების საბჭოს აპარატი ცხოველების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას აწარმოებდა იმ წუთიდანვე, რომლიდანაც ცნობილი გახდა, რომ ზოოპარკის ტერიტორიიდან გაქცეული იყვნენ მტაცებელი და სხვა ცხოველები. ამიტომ ჩვენ სისტემატური კომუნიკაცია გვქონდა ყველა იმ უწყებასთან, რომლებიც ცხოველების რეგისტრაციის, დათვლის, მოძიების და ა.შ. სამუშაოებში იყვნენ ჩართული. შესაბამისად, ინფორმაცია პერიოდულად ახლდებოდა, ეს ინფორმაცია ჯამდებოდა. შემდეგ ისევ ხორციელდებოდა კომუნიკაცია ყველა ამ უწყების წარმომადგენლებთან.

ორშაბათს, დაახლოებით 4 საათისთვის, ზოოპარკის ადმინისტრაციისგან შემოვიდა ინფორმაცია, რომ ყველა მტაცებელი ცხოველი ზოოპარკს ჰყავდა იდენტიფიცირებული, და ზოოპაარკის ტერიტორიის მიღმა ცოცხალი მტაცებელი ცხოველი აღარ იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს ინფორმაცია მაშინვე არ გაგვივრცელებია, ეს ინფორმაცია გადამოწმდა ჩვენი საბჭოს აპარატის კონკრეტული თანამშრომლის მიერ პირადად ზოოპარკის დირექტორთან, რომელმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ ცოცხალი მტაცებელი ცხოველები ზოოპარკის ტერიტორიის მიღმა არ არის და არიან ვოლიერებში. შემდეგ ეს ინფორმაცია გადამოწმდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საიდანაც ასევე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ცოცხალი ცხოველი აღარ არის ვოლიერებს მიღმა. ამის შემდეგ, ვინაიდან იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, უკვე გადამოწმებული ინფორმაცია გავავრცელეთ.

ჩვენ სხვა წყარო, საიდანაც შეიძლებოდა, გაგვეგო, რომ ცხოველი იყო თუ არ იყო გაქცეული, არ გვქონდა. სადაც გვქონდა ინფორმაციის გადამოწმების საშუალება, ყველა იმ წყაროსთან გადავამოწმეთ.

აქვე მინდა, ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, საბჭო კოორდინაციას უწევს ყველა უწყებას, რომელიც ჩართულია კრიზისის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბჭოს თანამშრომლები უშუალოდ დგანან ქუჩებში და, შესაბამისად, გაწმენდით და დასუფთავების სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას. საბჭო კოორდინაციას უწევს და საჭიროებებით ამარაგებს ყველა იმ უწყებას, რომლებსაც ეს საჭიროებები გააჩნია.

ასე რომ, მე მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, იმის გამო, რომ უნებლიეთ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება. მაგრამ მერწმუნეთ, ეს არ არის თავის მართლება. ეს რეალობა და ჭეშმარიტებაა. ეს დაადასტურა ზოოპარკის დირექტორმა, რომ ინფორმაცია მიღებული იყო ზოოპარკის მხრიდან, გადამოწმებული იყო ყველა კომპეტენტურ ინსტანციაში და მხოლოდ ამის შემდეგ იყო მიწოდებული საზოგადოებისთვის", - თქვა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვეფხვის თავდასხმის შედეგად ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მამაკაცი დაიღუპა.

 

კომენტარები