სტიქია თბილისში

ზოოპარკის ადმინისტრაცია გუშინ აცხადებდა, რომ ვეფხვს, დათვს და აფთარს ეძებდა

Tbilisi Zoo

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია გუშინ აცხადებდა, რომ ვეფხვს, დათვს და ზოლიან აფთარს ეძებდა. ამის შესახებ ლიბერალთან საუბარში თბილისის ზოოპარკის დირექტორის თანაშემწემ ხატია ბასილაშვილმა თქვა.

„ვეძებთ ერთ დათვს და ერთ ვეფხვს. ვეძებთ ასევე ზოლებიან აფთარს, რომელიც ადამიანებისთვის საშიში საერთოდ არ არის, რადგან ის ჩვეულებრივი ძაღლივითაა“, - თქვა ბასილაშვილმა გუშინ.

ამის გარდა, ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაშიძე ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბრისას აცხადებდა, რომ “ამ ეტაპზე, დღევანდელი მდგომარეობით, ვეძებთ ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ ზოლიან აფთარს, რომელიც არ ვიცით, სად არის ახლა. ამაშია საქმე, რომ არ გვიპოვნია, არც ცოცხალი, არც მკვდარი. დანარჩენი ყველაფერი ვიპოვეთ".

მზია შარაშიძე დაკარგული ცხოველების შესახებ GDS-ის ეთერშიც საუბრობდა.

"გუშინდელი და დღევანდელი დღის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა ცხოველი ვიპოვეთ, ამჟამად მხოლოდ ვეძებთ ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ ზოლებიან აფთარს. დანარჩენი ყველა ცხოველი, რომელიც იძებნებოდა, ამჟამად ნაპოვნია, დღის ბოლომდე ალბათ დაჯამდება მათი რაოდენობა და გვეცოდინება საბოლოოდ, რამდენი ცხოველი დაიღუპა სტიქიის დროს" - ამბობდა გუშინ ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

ცოტა ხნის წინ, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვი ადამიანს თავს დაესხა. მამაკაცი დაიღუპა. მტაცებელი ცხოველი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. 

ცნობისთვის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგული ყველა ცხოველი ნაპოვნი იყო. დღეს, მინდია ჯანელიძე თბილისის ზოოპარკს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას აბრალებს. მისი თქმით, ყველა უწყება ზოოპარკის ადმინისტრაციას ეყრდნობოდა, როდესაც ამბობდნენ, რომ ცხოველები ნაპოვნი იყო.

კომენტარები