სტიქია თბილისში

ჯანელიძე თბილისის ზოოპარკს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას აბრალებს

ტაბულა

კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე თბილისის ზოოპარკს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას აბრალებს. მისი თქმით, ყველა უწყება ზოოპარკის ადმინისტრაციას ეყრდნობოდა, როდესაც ამბობდნენ, რომ ყველა ცხოველი ნაპოვნი იყო.

"გუშინდელი დღიდან მოყოლებული ზოოპარკის ადმინისტრაციის მხრიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მტაცებელი ცხოველი აღმოჩენილი იყო. იყო დაღუპული ან იყო შეყვანილი ვოლიერებში. ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებები ვეყრდნობოდით ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციას. ახლა აღმოჩნდა, რომ ერთი დაუდგენელი მტაცებელი ცხოველი ლაგუნას მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უკვე ჯაჭვშია. მიმდინარეობს დამუშავება, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით",- თქვა ჯანელიძემ.

ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვი მამაკაცს თავს დაესხა. მამაკაცი დაიღუპა. მტაცებელი ცხოველი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგული ყველა ცხოველი ნაპოვნი იყო. ისინი თბილისის ზოოპარკს ეყრდნობოდნენ. თავად ზოოპარკი კი გუშინ ნეტგაზეთთან და ლიბერალთან საუბარში აცხადებდა, რომ ეძებდნენ ვეფხვს, დათვსა და ზოლიან აფთარს, "ამაშია საქმე, რომ არ გვიპოვნია, არც ცოცხალი, არც მკვდარი. დანარჩენი ყველაფერი ვიპოვეთ".

ამასთან, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია დაღუპული და გადარჩენილი ცხოველების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას დღეს, 17:00 საათზე გაავრცელებს.

 

კომენტარები