სტიქია თბილისში

ევროკომისიამ საქართველოს დასახმარებლად 3.4 მილიონი ევრო გამოყო

europa.eu

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ევროკომისია საქართველოს სამ მილიონ ევროს გადასცემს. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ თანხა საცხოვრებელ ფართებზეა გათვლილი და საქართველოს ბიუჯეტის გავლით დაიხარჯება.

"ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზად არის, დაეხმაროს დაზარალებულ ოჯახებს სახლების აღსადგენად", - თქვა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.

გარდა ამისა, ევროკომისია გამოყოფს 400 000 ევროს ჰუმანიტარული მიზნებისთვის, რათა ყველაზე დაზარალებულ ოჯახებს დაეხმაროს. ეს თანხა არასამთავრობო ორგანიზაციების და წითელი ჯვრის გავლით დაიხარჯება, რათა მათ დაზარალებულებს საკვები, საყოფაცხოვრებო ნივთები, მშრალი საბნები, წყალი, ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები მიაწოდონ.
 
13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვრის შემდეგ 19 ადამიანის ცხედარი იპოვეს, აქედან იდენტიფიცირებულია 17. დაკარგულად ითვლება ექვსი ადამიანი. სტიქიამ თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.  
 

კომენტარები