საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. პრემიერმა წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე განთავსებული დაზარალებული ოჯახები მოინახულა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოსახლეობას მაქსიმალურად ეხმარება, ახალდაბაში გაწმენდით სამუშაოებში ჯარი ჩაერთო, დაზარალებული მოსახლეობა კი, კუთვნილი საცხოვრებელი სახლების აღდგენამდე, სამთავრობო აგარაკზე იცხოვრებს.
"ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას, რათა ეს რამდენიმე კვირა შედარებით მსუბუქად გადაიტანონ. სურათი ყოველდღე იცვლება და ზარალის ოდენობამ შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. ზარალი საკმაოდ სოლიდურია, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან და იმედი გვაქვს, ისინი დაგვეხმარებიან ამ პრობლემების დაძლევაში. ჩვენ მათ წარვუდგენთ კონკრეტულ პროექტებს პირველადი საჭიროებების შესახებ და ყველაფერს მაქსიმალურად მოკლე დროში მოვაგვარებთ", - განაცხადა პრემიერმა.
13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 17 ადამიანი იმსხვერპლა, ხუთი დაკარგულად ითვლება. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.





