სტიქია თბილისში

საგანგებო შტაბი: მთელი ღამის მანძილზე ყველა შესაბამისი უწყება მუშაობდა

radiotavisupleba.ge

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, 15 ივნისს მთელი ღამის განმავლობაში ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და გაწმენდით სამუშაოებს. სვანიძის ქუჩა შლამისა და ინერტული მასალისგან მძიმე ტექნიკისა და თვითმცლელების გამოყენებით გაიწმინდა.

"თბილისის მერიის ვაკის გამგეობის კოორდინაციით, განხორციელდა წყნეთის ქუჩის მე-13 კორპუსის მაცხოვრებელთა გაყვანა და გადანაწილება დროებითი განთავსების ადგილებში. საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, კორპუსი საჭიროებს გამაგრებას. ტარდება შესაბამისი ზომები განსახორციელებელი სამუშაოების შესაფასებლად.

პარალელურად, ყველა სახის სპეცტექნიკის გამოყენებით ინტენსიურად მიმდინარეობდა გმირთა მოედნის, პანდუსების და მიმდებარე ტერიტორიის, ასევე მარჯვენა სანაპიროს გაწმენდა.

მელიქიშვილის გამზირზე მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე სისტემა, რომლის აღდგენის სამუშაოებს აწარმოებს კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი". პროცესს კოორდინაციას უწევს მერიის შესაბამისი სამსახური. სამუშაოების მიუხედავად, მელიქიშვილის ქუჩაზე სატრასპორტო მოძრაობა არ აიკრძალება, ხოლო მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი ორმხრივით შეიცვლება.

დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და გაწმენდითმა სამუშაოებმა მთელი ქალაქის მასშტაბით უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა. პროცესში ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად ჩაერთო საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროცესებს კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი", - წერია საგანგებო შტაბის ანგარიშში.

13-14 ივნისის ღამის სტიქიის შედეგად, თბილისში სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა. 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

 

კომენტარები