სტიქია თბილისში

კრიზისების მართვის საბჭო: თავი შეიკავეთ ავტომობილებით გადაადგილებისაგან

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოებისთვის დამატებითი რესურსის მობილიზების საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. საბჭო მადლობას უხდის მოხალისეებს, თუმცა, სამუშაოების ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარმართვისთვის, მოუწოდებს მათ, თავი შეიკავონ სტიქიით დაზარალებულ ადგილებში გადაადგილებისა და თავშეყრისაგან.

"დღეიდან თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენით სამუშაოებში, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა ჩაერთო. ამ ეტაპზე დამატებითი რესურსის მობილიზების საჭიროება არ არსებობს. გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ მოხალისეებს, გასულ დღეებში მათ მიერ გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და სამაშველო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობის გამო. თუმცა, იმისათვის, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარიმართოს, გვსურს, მოვუწოდოთ მათ, თავი შეიკავონ სტიქიით დაზარალებულ ადგილებში გადაადგილებისა და თავშეყრისაგან.

ამავე დროს, თხოვნით მივმართავთ დედაქალაქის მოსახლეობას, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ თბილისის ცენტრალურ უბნებში პირადი ავტომობილებით გადაადგილებისაგან, რათა შეძლებისდაგვარად მოხდეს საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა და თავიდან ავიცილოთ საცობები", - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.

13-14 ივნისის ღამის სტიქიის შედეგად, თბილისში სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა. 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

 

კომენტარები