საქართველო NATO-ში

ხიდაშელი ვახაუს ფორუმზე: მჯერა, ვარშავის სამიტზე MAP-ს მივიღებთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავსტრიაში ევროპულ ფორუმს ესწრება, სადაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებთ, საქართველო NATO-ს მომავალი სამიტიდან ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმას ელოდება, ევროპისგან კი ალიანსის გაფართოების მტკიცე მხარდაჭერას მოელის.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და პარლამენტის წევრები ევროპის მომავალზე მსჯელობენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოსვლა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო შექმნილი ვითარების შესახებ საუბრით დაიწყო.
თავდაცვის მინისტრმა გამოსვლისას საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რუსეთის ქმედებებზე, უსაფრთხოების პოლიტიკასა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

„ისტორია ადასტურებს და ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ როდესაც ვსაუბრობთ გაფართოებაზე, როდესაც თავისუფლებებისა და უფლებების გაძლიერება და განმტკიცება ფერხდება, სწორედ მაშინ ფართოვდება ტოტალიტარიზმი. ეს არის ისტორიის გაკვეთილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის პოლიტიკურ, აბსტრაქტულ ან თუნდაც ფაქტიურ საზღვრებზე, ჩვენთვის ეს არის თავისუფლება. ეს არის თავისუფალი მსოფლიო, რომელსაც ჩვენ გვინდა რომ მივეკუთვნებოდეთ. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ, რათა ვიქცეთ თავისუფალი მსოფლიოს ნაწილად. მჯერა, რომ მსოფლიო არ აპირებს აგვიკრძალოს ასეთი სამყაროს წევრობა და დაგვაბრუნოს ტოტალიტარიზმში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არასდროს მოხდება", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, „ჩვენი იმედი დიდწილად მომავალი წლის NATO-ს ვარშავის სამიტს უკავშირდება, სადაც გვჯერა გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) მივიღებთ, რომელიც ისეთივე პრიორიტეტულია საქართველოსთის, როგორიც თავად NATO-სთვის".

"ჩვენ ამ პროცესს განვიხილავთ როგორც შესაძლებლობას NATO-სთვის, რათა მან შეძლოს დაუმტკიცოს ყველას - ჩვენს მეზობელს თუ არა მეზობელს და ყველა სხვას, რომ თუ არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც თავისუფალი მსოფლიოს წევრობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მtკიცე სურვილი გააჩნიათ, მათთვის არსებობს შესაბამისი სივრცე. რადგან სწორედ ამას ყველაფერს აერთიანებს NATO - თავისუფლება, მშვიდობა, უსაფრთხოება", - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

„მომავალ წელს, ვარშავის სამიტზე, ჩვენ, სწორედ ამ სივრცის და შესაძლებლობის მიღების იმედი გვაქვს. მაგრამ მე მრჩება შეკითხვები და ეს შეკითხვები საჭიროებს პასუხებს. როგორიცაა ევროპის პოზიტიური დღის წესრიგი, საგზაო რუკა, გეგმა ევროპისა და NATO-სთვის მომავალი ორი, სამი, ათი წლის პერსპექტივაში ასეთი ქვეყნების მიმართ - აპირებთ უარი უთხრათ გაფართოებას თუ გეგმავთ რომ უპასუხოთ გაფართოებას „დიახ"? როდესაც მე მესმის მტკიცე გზავნილები, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში არ იგეგმება გაფართოების პროცესი, უკაცრავად, მე პოლიტიკოსი და ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ და არა დიპლომატი. ვფიქრობ, ეს ძალიან მცდარი განცხადებაა. თუკი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გაფართოება არ იგეგმება - ეს ძალიან ძლიერი გზავნილია მათთვის, ვისაც პერსპექტივაში არასდროს სურს იხილოს ევროპის გაფართოება. ჩვენ, საქართველომ, რა უნდა გავაკეთოთ სხვა, უფრო მეტი? ეს არის ჩემი მეორე შეკითხვა - რომ შევასრულოთ ტექნიკური დავალებები და აღმოვჩნდეთ დღის წესრიგის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხთა შორის? კიდევ ერთი შეკითხვა, არის აქ ვინმე რომელსაც სჯერა, რომ რუსეთი შეჩერდება უკრაინაში? თუ არის, მაშინ ეს არის ფუნდამენტური შეცდომა. თუ ჩვენ რუსეთს უკრაინაში მოქმედების თავისუფლებას მივანიჭებთ, მაშინ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული NATO-ს წევრი ქვეყნები - ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებიან რუსეთის შემდეგი სამიზნეები" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ორდღიან ფორუმზე „მიაღწია ევროპამ ლიმიტს? ევროპის სამომავლო როლი გლობალურ არენაზე" ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა, რეგიონალური თანამშრომლობა, სამეზობლო პოლიტიკა, არსებული გამოწვევები და ევროპის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილება.

თავდაცვის მინისტრი ავსტრიიდან საფრანგეთში გაემგზავრება. თინათინ ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, ჟან ივ ლე დრიანთან. თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ფრანგული სამხედრო-სამრეწველო კომპანიების წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრებს.

კომენტარები