საქართველო NATO-ში

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას უჭერენ მხარს

ამერიკელი კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის NATO-ს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით წერილით მიმართავენ და მიესალმებიან აშშ-ის ძალისხმევას, აღნიშნულ სამიტზე NATO-ს გაფართოების პერსპექტივა პრიორიტეტად გახადოს. ინფორმაციას კონგრესმენების მიმართვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კონგრესმენები მოუწოდებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს NATO-ს ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, საქართველოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-სა და NATO-სთან ახლო ურთიერთობების დამყარება სურთ.

"ჩვენ მოვითხოვთ მიმდინარე წლის სამიტზე მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესის ხელშეწყობას და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას", - ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

კონგრესმენების მოსაზრებით, ცივი ომის დასრულების შემდეგ, 25 წლის განმავლობაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის არაერთმა ქვეყანამ შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება, აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება. სხვადასხვა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, რომელიც ხშირად NATO-ს ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა - ჩატარდა რეფორმები და განხორციელდა ინიციატივები, რომლებმაც ხელი შეუწყო მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას, ანგარიშვალდებული მმართველობის შექმნასა და კანონის უზენაესობას მილიონი ევროპელისთვის. ხოლო ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, NATO, როგორც ალიანსი და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, რეგიონში სტაბილურობის გარანტი გახდა.

"ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ასპირანტი ქვეყნების აღნიშნული ჯგუფის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას და გააძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში", -აცხადებენ ამერიკელი კონგრესმენები.

ამერიკელი კონგრესმენების მოსაზრებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ შესაძლოა რეგიონის ქვეყნებზე გარე ძალების მხრიდან ძლიერი ზეწოლა მოხდეს.

"შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა მიაღწიეს უკვე იმ კრიტიკულ წერტილს, როდესაც აუცილებელია იმ მექანიზმების ამოქმედება, რომლებიც უზრუნველყოფს NATO-ს მომავალ მაღალ სიცოცხლისუნარიანობას. ვუახლოვდებით რა 2014 წლის NATO-ს სამიტს, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან, რათა მხარი დავუჭიროთ მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას და ხელი შევუწყოთ ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გეგმებს, მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების გზით. ჩვენ, ასევე, მზად ვართ ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ რეგიონის სხვა ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბება და შემდგომში მათი ალიანსში გაწევრიანება", - ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

წერილს ხელს 42 კონგრესმენი აწერს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კონგრესმენთა წერილის კომენტირებისას განაცხადა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი და შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭება.
"ამის შემდეგ გავიდა ექვსი წელი, საქართველოს აქვს ორი ძალიან ქმედითი ინსტრუმენტი NATO-ში ინტეგრაციისთვის. ეს არის ეროვნული წლიური გეგმა და NATO-საქართველოს კომისია, რომელიც ძალიან ინტენსიურად მუშაობს", - აღნიშნა ფანჯიკიძემ. მისი თქმით, კომისიის ბოლო სხდომაში ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრი მონაწილეობდა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით დელეგაციას სენატორ ჯონ მაკკეინის მეთაურობთ.

"ამ შეხვედრის შემდეგ მალევე ასეთი წერილის გამოქვეყნება მიგვაჩნია ახალი ხელისუფლების, საქართველოს ძალიან სერიოზულ მხარდაჭერად და იმედი გვაქვს, NATO-ს სამიტიც ჩატარდება იმ სულისკვეთებით, როგორითაც ეს წერილია დაწერილი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ NATO-ს 2014 წლის სამიტზე ველოდებთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაგრამ, ფანჯიკიძის თქმით, ოფიციალური თბილისი "არ აკონკრეტებს", პროგრესის აღიარება რა სახით შეიძლება მოხდეს. თუმცა, ის ფაქტი, რომ კონგრესის ამდენი გავლენიანი წარმომადგენელი მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას, ძალიან დიდი მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი სიგნალია.

კომენტარები