საქართველო NATO-ში

Коммерсант: საქართველომ შესაძლოა MAP-ი წელს მიიღოს

საქართველომ შესაძლოა NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღოს. ამის შესახებ რუსული გამოცემა კომერსანტი, ალიანსის შტაბბინასა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში არსებულ წყაროებზე დაყრდნობთ იუწყება. გამოცემის ცნობით, ამ საკითხის გადაწყვეტა უკრაინის კრიზისის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული - იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა ყირიმის შეერთება გადაწყვიტა, ალიანსის სამიტზე საქართველოს შესაძლოა MAP-ი მიენიჭოს.

„რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში გამოიწვია დისკუსიის განახლება ალიანსის უფრო გაბედული პოლიტიკის შესახებ აღმოსავლეთ ევროპაში. იმის შესახებ, რომ თბილისის განაცხადი კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ისეთი სახელმწიფოების წარმომადგენლებიც საუბრობენ, რომლებიც მანამდე ამ საკითხის ფორსირებისგან თავის შეკავებას გვირჩევდნენ", - განუცხადეს კომერსანტს NATO-ს შტაბბინაში.

თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ყირიმის ანექსიის შესახებ განაცხადებს, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება „ფაქტობრივად გადაწყვეტილია". წყაროს ცნობით, ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა ხელი მხოლოდ გერმანიამ შეუშალოს, რომლის საგარეო უწყებას „მოსკოვისადმი ლოიალური" ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ხელმძღვანელობს.

თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ყირიმის ანექსია გერმანიის დამოკიდებულებასაც შეცვლის, ვინაიდან ამ ნაბიჯს ევროპის ყველა ქვეყანა მიუღებლად თვლის.

კომენტარები