სტიქია თბილისში

პრეზიდენტი: დაძლევადია ყველაფერი, ადამიანური მსხვერპლის გარდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, "გარდაცვლილებს ვერ დავაბრუნებთ და ეს ძალიან მძიმეა". გიორგი მარგველაშვილმა ლაგუნა ვერეს, გმირთა მოედნის, ვაკე-საბურთალოს გზის დატბორილი მონაკვეთი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

"დაძლევადია ყველაფერი, გზაც აღდგენადია. ბუნებრივია, ასეთ მომენტში ის, რაც ძალიან გამძიმებს ადამიანს, არის ადამიანური მსხვერპლი, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ, გვაქვს. მუშაობენ სამსახურები და ჩვენ ჩავერთვებით სამუშაოებში მერიასთან ერთად და დავეხმარებით დაზარალებულებს, თუმცა გარდაცვლილებს ვერ დავაბრუნებთ და ეს ძალიან მძიმეა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

წუხანდელ სტიქიას ოფიციალურად რვა ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაკარგულებიც. დაიტბორა თბილისის ზოოპარკი და მტაცებელი ცხოველები ქალაქში გაიქცნენ. ცხოველების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი, დააძინეს და ზოოპარკში დააბრუნეს. მტაცებლების ძებნა გრძელდება.

 

კომენტარები