საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შებოლილი თევზის ფალსიფიკაციის და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს დონატოს ხელმძღვანელი თენგიზ წიქარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული, შპს დონატოს კუთვნილ საწარმოში, სანიტარული ნორმებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევით სისტემატურად ამზადებდა და შემდგომ რეალიზაციას უწევდა დიდი ოდენობით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ შებოლილ თევზს.
"ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პროდუქცია არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, შეცვლილი აქვს თვისობრიობა და საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით და 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.





