თბილისის მერია

აბესაძე: მერიამ აღარ გაბედოს უსამართლო პრინციპებით კონკურსის ჩატარება

თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისის მერიას საატესტაციო გამოცდების გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ, დაუშვან ვიდეოგადაღება, მოსალოდნელი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად. საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრები ასევე მოუწოდებენ საზოგადოებას, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს საატესტაციო კონკურსში, დროულად დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია ხვალ სრულდება.

"თბილისის მერიას მოვუწოდებთ, აღარ გაბედოს უსამართლო, მიკერძოებული პრინციპებით კონკურსის ჩატარება, როგორც პირველ ეტაპზე მოხდა, იგივე ვიდეოგადაღებასთან თუ საკონკურსო კომისიასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თბილისის მერიამ 520 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 3 ივნისს გამოაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, შემოსულ განცხადებებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შეადარებენ და გადაარჩევენ. შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე ტესტირებას გაივლიან. მათ 75%-იანი ბარიერის გადალახვის ვალდებულება ექნებათ. მესამე ეტაპზე კი, ბარიერგადალახული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან.

 

კომენტარები