ენმ-ის ანტიკრიზისული პროგრამა

ცისკარიშვილი: ხელისუფლება ბიუჯეტს მინიმუმ 400 მილიონით უნდა ამცირებდეს

ტაბულა/თეორემა

ამ ხელისუფლების მცდელობა, რომ 4 და 6 მილიონით გავიდნენ ფონს, დიდი შეცდომაა - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, პეტრე ცისკარიშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

ცისკარიშვილის შეფასებით, ხელისუფლება ბიუჯეტს სულ მცირე 400 მილიონით მაინც უნდა ამცირებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა უფრო ღრმა კრიზისში ჩაეფლობა.

"ამ ხელისუფლებას სეკვესტრი ძირითადად ორი მიზეზით სჭირდება. იცით, რომ ეკონომიკა აღარ იზრდება დაგეგმილი 5%-ის მიხედვით. ეკონომიკის არგაზრდის გამო ბიუჯეტიც არ იქნება იმ ზომის და 3% არის დაახლოებით 300-350 მლნ , რაც დააკლდება. მეორე მიზეზი, რის გამოც მათ სეკვესტრი სჭირდებათ, არის ის, რომ წლის ბოლოს არ მოხდეს კიდევ ერთხელ ლარის გაუფასურება და საბიუჯეტო დეფიციტური ხარჯვა. ასე რომ, როგორც მინიმუმ, ისინი 400 მლნ-ით უნდა ამცირებდნენ ბიუჯეტს, მე ვიტყოდი ნახევარი მილიარდითაც. ამას ჩვენ ვეძახით სეკვესტრს, რაც მოაკლდება ბიუჯეტს, პროექტებს, ხალხს, ინფრასტრუქტურას, სხვადასხვა პროგრამას, მაგრამ ესენი თუ ცდილობენ, რომ 4 და 6 მლნ-ით ფონს გავიდნენ, მაშინ ძალიან ღრმად შეცდნენ და ამ შეცდომას, სამწუხაროდ, მხოლოდ წლის ბოლოს დაინახავენ და უკვე გვიანი იქნება, როდესაც ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში ჩაეფლობა", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილმა ენმ-ის ანტიკრიზისულ პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ენმ-ის პროგრამაში სეკვესტრი საერთოდ არ ფიგურირებს და ისინი თავიდანვე მცირე ზომის ბიუჯეტს გეგმავენ.

"რაც შეეხება ჩვენს გეგმას, იქ სეკვესტრზე არ არის საუბარი, ჩვენ თავიდანვე დავგეგმავთ მცირე ზომის ბიუჯეტს. მაგალითისთვის, სახელმწიფოს ზომას რასაც ვეძახით ეკონომიკის ენაზე, დღეს არის დაახლოებით 30-31% მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ხოლო დაბალი გადასახადების პირობებში ეს იქნება 24-25%, ანუ საგადასახადო ტვირთი, რაც დაეკისრება კერძო სექტორს, შედარებით ნაკლებია. აქედან გამომდინარე, მთელი ეს ფული დარჩება ხალხის ჯიბეში, კერძო სექტორში, სამეწარმეო სექტორში და მათ უკეთ იციან, როგორ მოახდინონ დივიდენდით აღეაბა, რეინვესტირება თუ სხვა", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

კომენტარები