ავიაცია

ავიაკონტროლის ახალი სისტემით საქართველო უფრო მეტ რეისს მოემსახურება

Getty Images

დღეს შპს საქაერონავიგაციასა და ესპანურ ტექნოლოგიურ კომპანია Indra-ს შორის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. Indra-ს სისტემა საქართველოში არსებულ შედარებით მოძველებულ ავიაკონტროლის სისტემას სრულად ჩაანაცვლებს, რის შედეგადაც საქართველოს შეეძლება მომსახურება გაუწიოს უფრო მეტ უცხოურ და ქართულ ავიაკომპანიას.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველო Eurocontrol-ის წევრი ქვეყანა გახდა, მას სანავიგაციო სისტემების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა. კვირიკაშვილის თქმით, დღეისათვის საქართველო ყოველდღიურად 400-ზე მეტ რეისს ატარებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 6%-ით გაიზრდება, რის მომსახურებასაც თანამედროვე სანავიგაციო სისტემები სჭირდება. 

კომპანიების შესარჩევად შპს საქაერონავიგაციამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც ესპანურმა კომპანიამ გაიმარჯვა. კომპანია ვალდებულებას იღებს, დაამონტაჟოს და შემდეგ მომსახურება და მონიტორინგი გაუწიოს ახალ სისტემას. ახალი სისტემა ავიამეთვალყურეების სამუშაო პროცესს ბევრად ეფექტურს და კომფორტულს გახდის. პროექტის ღირებულება 14.8 მილიონ ლარს შეადგენს.

Indra-ს საჰაერო მოძრაობის სისტემებს ავიამონიტორინგისთვის მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა იყენებს.

კომენტარები