ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

სასამართლო: საჯარო განხილვებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მართლმსაჯულებას

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა
თბილისის საქალაქო სასამართლო მედიას, პროცესის მონაწილე მხარეებს და ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ყოველგვარი განმარტების თუ განცხადების გაკეთებისაგან.

სასამართლო მიიჩნევს, რომ - ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია და შესარჩევია ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა - მედიით ნებისმიერი ხასიათის განცხადებებმა და საჯარო განხილვებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მართლმსაჯულების განხორციელებას.

"მართლმსაჯულების ინტერესების დაცვის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლო, ასევე, მოუწოდებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კანონის ფარგლებში, სრულად უზრუნველყონ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება. შეგახსენებთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომა 2015 წლის 10 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება", - აღნიშნავს სასამართლო.

ცნობისთვის, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ გამოიტანეს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა. ამის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გააკრიტიკეს მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებმაც.

გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობის ვადა 12 ივნისს გასდიოდა, შესაბამისად, თუ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ახალი შემადგენლობაც ვერ გამოუტანდა მას განაჩენს, ბრალდებული უნდა გაეთავისუფლებინათ. თუმცა, გუშინ პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძეს პირადი მოტივით ცრუ დასმენის საქმეზე ახალი ბრალი წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი, გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები