სასამართლო სისტემა

წულუკიანი: კანონში დაგეგმილი ცვლილებები ჩემი გადაწყვეტილებით შეჩერდა

news.ge

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეებს გაურიგდა, სპეკულაციას უწოდებს. წულუკიანის მტკიცებით, საერთო სასამართლოების კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც 25 რაიონული მოსამართლის ავტომატურ გათავისუფლებას ითვალისწინებდა, მისი გადაწყვეტილებით შეჩერდა. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონს ე.წ. კაბელების საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"მე არ ვიცი, რა ტიპის სპეკულაციებზეა საუბარი და ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ კაბელების საქმესთან. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და არავისი სხვისი. რომ ვენეციის კომისიის შენიშვნას დავეთანხმო. ეს არის კომისიის შენიშვნა და რაკი ქალბატონ ნინო გვენეტაძესაც ეს მოთხოვნა ჰქონდა, გადავწყვიტეთ, დავასრულებინოთ თავმჯდომარეებს თავიანთი უფლებამოსილების ვადა და შემდეგ მოხდეს ახალი თავმჯდომარეების არჩევა", - თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე მოსამართლეს საიდუმლოდ შეხვდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეები გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერების სანაცვლოდ, ე.წ. კაბელების საქმეზე, ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა პარასკევ საღამოს გაიმართა და მას სამი მოსამართლე ესწრებოდა - ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერი ცერცვაძე. ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ცვლილებაზე, რომელიც 25 რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეების მიერ ავტომატურად პოსტის დატოვებას ეხებოდა. შეთანხმების თანახმად, ეს ცვლილება აღარ განხორციელდება.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას გუშინდელი განცხადება სასამართლოზე ზეწოლაა. მურუსიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ჩართვისას თქვა, რომ მოსამართლეები ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრიან. მისივე განცხადებით, საერთო სასამართლოების კანონში დაგეგმილი ცვლილებები ნინო გვენეტაძისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეხვედრის შემდეგ შეჩერდა.

 

კომენტარები