ე.წ. კაბელების საქმე

ალასანიას მტკიცებით, ე.წ. კაბელების საქმეზე, ივანიშვილი მოსამართლეებს გაურიგდა

თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის და რამდენიმე მოსამართლის საიდუმლო შეხვედრის შესახებ საუბრობს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეები გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერების სანაცვლოდ, ე.წ. კაბელების საქმეზე, ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

"ამას ექნება ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა საქართველოში, ზოგადად მართლმსაჯულებაზე. ამას ექნება ისეთი დატვირთვა, რომელიც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანს ამ სასამართლო პროცესსაც და ხალხის ნდობას სასამართლოს მიმართ. მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს ასეთი ქმედებები სასამართლოსთან მიმართებით და მართლმსაჯულებას მისცეს სწორი გზით განვითარების შესაძლებლობა. ეს არის საგანგაშო. მე ვცდილობ, დავადასტურო და მტკიცებულებები მოვიპოვო ამ კუთხით", - აცხადებს ირაკლი ალასანია.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შეხვედრა პარასკევ საღამოს გაიმართა და მას სამი მოსამართლე ესწრებოდა - ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ვალერი ცერცვაძე. ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ცვლილებაზე, რომელიც 25 რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეების მიერ ავტომატურად პოსტის დატოვებას ეხებოდა. შეთანხმების თანახმად, ეს ცვლილება აღარ განხორციელდება.

კომენტარები