საქართველოს ეროვნული ბანკი

მაჭავარიანი: ქართულ მართლმსაჯულებაზე გადაწყვეტილებას პირადად ივანიშვილი იღებს

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ქართულ მართლმსაჯულებას მხოლოდ ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მართავს. მისივე თქმით, ივანიშვილს და მთავრობას სურთ, ეკონომიკური პრობლემები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს დააბრალონ. მაჭავარიანი ყოფილი პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ქართუ ბანკის საქმეზე IMF-ის წარმომადგენელმა სთხოვა, გიორგი ქადაგიძისთვის "დანაშაული ეპატიებინა" და "არ დაეჭირა". ივანიშვილმა აღნიშნა, რომ რადგან ქართუ ბანკი მისი "პირადი საკითხი" იყო, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა გაითვალისწინა.

"მას შემდეგ, რაც უმაღლეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ ქართულმა ოცნებამ გვენეტაძე დანიშნა, გამოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, ვინ დაკითხონ, ვინ დაიჭირონ, ვინ დააკავონ. ეს არის მისი პირადი შურისძიება, იმიტომ, რომ ამ ეკონომიკურ პრობლემებს სჭირდება ადამიანი, ვისაც ეს დაბრალდება. ჩვენი მოსახლეობის თვალში ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის ბრალი. ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას უნდათ, აჩვენონ კონკრეტულ ადამიანზე და ბუნებრივია, ახლა როცა საუბრობს დაჭერებზე, კიდევ ერთი მაგალითია, რომ მხოლოდ ის იღებს პირადად გადაწყვეტილებას ქართულ მართლმსაჯულებაზე", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერმინისტრის გუშინდელ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ "არასერიოზული" და "ძალიან საზიანო" უწოდა. ბიძინა ივანიშვილს დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმაც უპასუხა. მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს. ოფიციალურ განცხადებაში სადიკოვი წერს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალწარმოებაზე ან ერთეული პირის კანონთან მიმართებაზე. რადგან ეს მათი მანდატი არ არის.

კომენტარები