საქართველოს ეროვნული ბანკი

ქადაგიძე: ივანიშვილის განცხადება არასერიოზული და ძალიან საზიანოა

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას "არასერიოზულს" და "ძალიან საზიანოს" უწოდებს. ცნობისთვის, ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ ქართუ ბანკის საქმეზე IMF-ის წარმომადგენელმა სთხოვა, გიორგი ქადაგიძისთვის "დანაშაული ეპატიებინა" და "არ დაეჭირა". ივანიშვილის თქმით, რადგან ქართუ ბანკი მისი "პირადი საკითხი" იყო, საერთაშორისო წარმომადგენლის თხოვნა გაითვალისწინა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის ორგანიზაცია, რომელიც მრავალი წელია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, რომლის დასკვნებზეც სწორებას აკეთებს ყველა ჩვენი ინვესტორი, რომლის დასკვნებზეც სწორებას აკეთებენ ის დონორები, რომლებიც აფინანსებენ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს. ამიტომ, რბილად რომ ვთქვათ, ასეთი არასერიოზული განცხადებები, არის ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის", - თქვა ქადაგიძემ.

ყოფილ პრემიერმინისტრს დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმაც უპასუხა. მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს. ოფიციალურ განცხადებაში სადიკოვი წერს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალწარმოებაზე ან ერთეული პირის კანონთან მიმართებაზე. რადგან ეს მათი მანდატი არ არის. 

კომენტარები