ე.წ. კაბელების საქმე

სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის მტკიცებულება დაუშვებლად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლე დავით ჯუღელმა გაიზიარა ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რაც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას, საქმეში დაუშვებლად ცნო. 

პროცესზე მოსამართლე დავით ჯუღელმა დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნაწილიც ცნო დაუშვებლად, თუმცა, ადვოკატები აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმეზე გავლენას ვერ მოახდენს.

პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით კი, სახელმწიფო ბრალდებას ამ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები რჩება იმისთვის, რომ ბრალდებულების დანაშაული დაადასტუროს.

სასამართლოში თავისუფალი დემოკრატების ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაც იმყოფებოდა. "პირველივე დღიდან ვიძახდით, რომ ეს 5 ადამიანი არის უდანაშაულო. თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს იყო ივანიშვილის და მისი ჯგუფის პოლიტიკური დაკვეთა. დღეს სასამართლომ დაუშვებლად ცნო ძირითადი საფუძველი, რომლითაც ეს ხალხი უდანაშაულოდ ციხეში ჩასვეს. ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა", - თქვა ალასანიამ.

თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.

კომენტარები