საქართველოს ეროვნული ბანკი

ხადური: ჩვენ ვმუშაობთ სავალუტო ფონდთან ჩვეულ რეჟიმში

ტაბულა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ივანიშვილის განცხადებები მასთან ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის.

"ჩვენ ვმუშაობთ სავალუტო ფონდთან ჩვეულ რეჟიმში, ხოლო ბატონი ბიძინა, თავისთავად ცხადია, აკეთებს განცხადებებს, რომელიც მას მიაჩნია სწორად და მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ვერანაირი განცხადებები ვერ შეუშლის და არც არის გამიზნული იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს ამ ურთიერთობებს, პირიქით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი", - განაცხადა ხადურმა.

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა განაცხადა.

სადიკოვი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. სადიკოვი წერს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ მიუღია და ვერ მიიღებს მხედველობაში მართლმსაჯულებასთან და ინდივიდუალური პირების კანონთან მიმართებით დაკავშირებულ საკითხებს, რადგან ეს არ არის მისიის მანდატით გათვალისწინებული.

სადიკოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პატივისცემისა და შენარჩუნების მნიშვნელობას.

კომენტარები