მთავრობის სესხები

ცისკარიშვილი: მთავრობა გადასულია გაუთავებელ სესხის აღებაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის მიერ კომერციული ბანკებიდან აღებულ სესხებსა და მის უპრეცედენტოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთზე ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფულის შიდა ბაზარზე ვალად აღება, ეკონომიკას ასუსტებს და კერძო მომხმარებლებისთვის სესხებს აძვირებს. ასევე, ხელს უშლის საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის დასტაბილურებას.

"იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ ხარჯები შეკვეცოს, მათ შორის ადმინისტრაციული, და როგორც თავად ამბობს, ქამრები შემოიჭიროს, გადასულია კომერციული ბანკებიდან გაუთავებლად სესხის აღებაზე. ჩვენი ვალი კატასტროფულად იზრდება. გუშინ, ბიუჯეტმა კომერციული ბანკებიდან 20 მილიონი ისესხა და ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი უპრეცედენტოდ მაღალი იყო, ის 9%-ს გასცდა. მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის მომსახურებაზე მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში, 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ფულის შიდა ბაზარზე სესხება ეკონომიკას ასუსტებს და სუვერენული რეიტინგების პერსპექტივას აუარესებს. ასევე, აძვირებს სესხებს კერძო მომხმარებლებისთვის და ზრდის საბიუჯეტო ხარჯებს. ეს ძალიან ცუდად აისახება ლარის კურზე და მის სტაბილურობაზეც. ნაცვლად იმისა, რომ ისინი ამცირებდნენ ადმინისტრაციულ ხარჯებს და ბიუჯეტის კორექტირებით იყვნენ დაკავებული, როგორც ამას თავად ამბობენ, კომერციული სექტორიდან ვალებს იღებენ და ამით ეკონომიკას ასუსტებენ. ხელს უწყობენ საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის კიდევ მეტად გაუფასურებას", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

კომენტარები