სააკაშვილი უკრაინაში

ბერუჩაშვილი: მოქალაქეობის დათმობა არაადეკვატურია ექსპრეზიდენტის მხრიდან

ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დათმობა არაადეკვატურია. რაც შეეხება სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნას, ბერუჩაშვილის მოსაზრებით, უკრაინის სუვერენული უფლებაა, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე.

"საპროტესტო ნოტის გაგზავნას არ ვაპირებთ, ეს, რასაკვირველია, უკრაინის მთავრობის სუვერენული უფლებაა, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე. შემიძლია, ვთქვა, რომ რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს რეფორმატორობის პროექტი, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს, ზოგადად, იდეა ე.წ რეფორმების გატარებისა უკრაინაში, ბოლო ინფორმაციის საფუძველზე ბევრი რამ ეჭვქვეშ არის. ამის თაობაზე გვაქვს ძალიან ბევრი გამოხმაურება. მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, როცა საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე. ეჭვი მეპარება, რომ რაიმე განსაკუთრებული მიდგომა განხორციელდეს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რაც უკვე მოგახსენეთ, რომ ეს არის არაადეკვატური ნაბიჯი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან."- თქვა ბერუჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნეს. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

კომენტარები