სააკაშვილი უკრაინაში

კვერენჩხილაძე: ორმაგი მოქალაქეობისთვის პრეზიდენტს განაცხადით უნდა მიმართონ

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს, პრეზიდენტს მოტივირებული განაცხადით უნდა მიმართოს. აღნიშნული მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით თქვა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას იუსტიციის სამინისტროდან ჯერ არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

"იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ საგამონაკლისო წესით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, მოტივირებული განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და თან უნდა დაურთოს იმ ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქალაქეც იგი არის. შესაბამისად, პირის მოტივირებული პირადი განცხადება არის სავალდებულო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. განაცხადის გარეშე გამონაკლისის სახით მას არ შეუძლია მოქალაქეობის მიღება. იმისთვის, რომ მიენიჭოს საგამონაკლისო წესით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა, საჭიროა პირის მოტივირებული განაცხადი", - თქვა კვერენჩხილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას ხელი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოაწერა.

კომენტარები