საქართველოს ეკონომიკა

ცისკარიშვილი: არსებობს ეჭვი, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი ურცხვად იტყუება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, საქტატის მონაცემები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, "სტატისტიკის დეპარტამენტი ურცხვად იტყუება".  

"მარტსა და თებერვალში 4%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა ჩვენ ნამდვილად არ გვქონია. მათ აქვთ თვიდან თვემდე მანიპულირების საშუალება, თუ, ვთქვათ, აპრილის ბრუნვებს მარტს მიაწერენ, მაშინ, რა თქმა უნდა, გაზრდილი იქნება მარტის მონაცემები ან თუ შარშანდელ ინვესტიციას იანვარს ან თებერვალს მიაწერენ, ამ თვეების მონაცემებს გაზრდიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს, მათ მთლიანი ციფრის გაზრდა უჭირთ. ამიტომ, იძულებულები გახდნენ, აპრილში დააფიქსირონ შენელებული, გაჩერებული ეკონომიკური ზრდა და ეს ციფრი 0.9%-ში გამოიხატა. ეს მეტ-ნაკლებად რეალისტური მონაცემია, რადგან ჩვენი ეკონომიკა გაჩერებულია. 0-დან 2-%-მდე ეკონომიკის ზრდის მერყეობა მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები თანდათან მცირდება და იკარგება. 2%-იანი ზრდის შემთხვევაში, როგორც კახა ბენდუქიძე ამბობდა, 2040 წლისთვის ჩვენ უბრალოდ აღარ ვიქნებით და საქართველო არ იარსებებს, რადგან ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნები განვითარდებიან და ხალხის გადინება მოხდება. ასე რომ, გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, სახელმწიფოებრიობას ვერ შევინარჩუნებთ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

დეპუტატმა ისაუბრა საგარეო ვაჭრობაზეც და აღნიშნა, რომ იმპორტის შეფერხებას ხელისუფლება სპეციალურად ცდილობს, რათა ამ მეთოდით ლარის კურსი დაიჭიროს.

"მათ ჩათვალეს, რომ არ აქვთ საშუალება, გაზარდონ ექსპორტი, ტურიზმი, ინვესტიცია და ამიტომ, ამცირებენ იმპორტს. თუ კიდევ გაგრძელდება იმპორტის კლება, ლარი დასტაბილურდება რაღაც დონეზე, მაგრამ ეს გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობას ექნება ნაკლები მსყიდველუნარიანობა, ანუ იმპორტირებული პროდუქტის შეძენა შეფერხდება", - განაცხადა ცისკარიშვილმა. 

წელს საქართველოს ეკონომიკა იანვარ-აპრილის მონაკვეთში 2.6%-ით გაიზარდა, რაც ბიუჯეტით დაგეგმილ 5%-იან ზრდაზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, აპრილის ეკონომიკურმა ზრდამ მხოლოდ 0.9% შეადგინა. 

კომენტარები