ფეხბურთის ფედერაცია

ყოფილმა არქიმანდრიტმა თამაზ ბიჩინაშვილმა უცხოელ მსაჯებს შეურაცხყოფა მიაყენა

ყოფილმა არქიმანდრიტმა, თამაზ ბიჩინაშვილმა საქართველო - პორტუგალიის 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებების თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებისთვის აკრძალულ ზონაში მსაჯებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველოს ნაკრები 2:3 დამარცხდა, მსაჯობით უკმაყოფილო თამაზ ბიჩინაშვილმა გულშემატკივრებისთვის აკრძალულ ზონაში შეღწევა მოახერხა და მსაჯებს შეურაცხყოფა მიაყენა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ყოფილმა არქიმანდრიტმა ისარგებლა თავისი ყოფილი სასულიერო წოდებით და ისეა მოახერხა აკრძალულ ზონაში შეღწევა.

"ჩვენს ქვეყანაში რელიგიისა და სასულიერო პირებისადმი დამოკიდებულება ცოტა სხვანაირია", - განაცხადა პრესცენტრის წარმომადგენელმა და აღნიშნას, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, სტადიონზე თითოეული მაყურებელი ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდეს და სამომავლოდ გამკაცრდება კონტროლი, რათა მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ უეფას სპეციალურ დელეგატისთვის ცნობილია და ამ ფაქტის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას UEFA-სგან გარკვეული სანქციები დაეკისრება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სანქციებზეა კონკრეტულად საუბარი.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მაყურებლის მოედანზე თუ აკრძალულ ზონებში შეღწევის აღსაკვეთად ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე თვის წინ სტიუარდების პროგრამა დაიწყო. 40-მდე სტიუარდი უკვე არჩეულია და კიდევ მიმდინარეობს ახალი თანამშრომლების აყვანა. სტიუარდები სტადიონის დაცვის უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობენ ხელს.

კომენტარები