ენმ-დან წასვლა

ბოკერია: არადამაჯერებელი და პოლიტიკურად უსუსურია, რასაც ჯაფარიძისგან ვისმენთ

ჯაფარიძემ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობისგან ღირებულებებით არ განსხვავდება; მან თქვა, რომ ახერხებდა ნაციონალურ მოძრაობას უმრავლეს თემებზე ის პოზიცია დაეკავებინა, რაც მას სწორად მიაჩნდა - აბა რატომ წავიდა? როდესაც პარტიის წევრი, მით უმეტეს ლიდერი, ნორმალურ ვითარებაში მიდის პარტიიდან, მას უნდა ჰქონდეს პრინციპული საკითხი, რომელსაც არ ეთანხმება - ამ შემთხვევაში პარტიიდან წასვლა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ეს დემოკრატიული ცხოვრების ნაწილია. უნდა ჰქონდეს პრინციპული საკითხი, უნდა დასვას ეს საკითხი, უნდა ეცადოს, რომ გაიტანოს საკუთარი პოლიტიკური გუნდის შიგნით ისე, როგორც ეს მას სწორად მიაჩნია ქვეყნისთვის. თუ ვერ გააქვს, მაშინ გაიაროს პროცედურა, პატივი სცეს მთელს პარტიას და ამის შემდეგ ნორმალურია გასვლა. არცერთი ამ პუნქტებიდან სახეზე არ არის. ამიტომ ბუნდოვანი, არადამაჯრებელი და პოლიტიკურად უსუსურია ეს ყველაფერი, რასაც ვისმენთ წერილობით და ზეპირად. დღეს არ ვართ ნორმალურ ვითარებაში. ვართ ვითარებაში, როდესაც ოლიგარქი მილიარდერი მიაქანებს უფსკრულისკენ ქვეყანას; როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერები არიან ციხეში და რეპრესიების ქვეშ. ასეთ დროს გაასმაგებულად პრინციპიული საკითხი უნდა არსებობდეს, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას ადამიანმა. და საერთოდ, ძნელად წარმომიდგენია, როგორ უნდა გადადგას. თუ ღირებულებითი განსხვავება არ არის, გაჰქონდა ყველა საკითხი - კარგად ვმართავდიო, მაშინ როგორ შეიძლება პასუხიმგებლობის მქონე ლიდერის პირიდან მოვისმინოთ ეს.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარტიის დატოვებაზე.

კომენტარები