საქართველოს ეკონომიკა

წელს საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე ორჯერ ნელა გაიზარდა

იანვარ-აპრილში ეკონომიკური ზრდა 2.6%-ია

წელს საქართველოს ეკონომიკა იანვარ-აპრილის მონაკვეთში 2.6%-ით გაიზარდა, რაც ბიუჯეტით დაგეგმილ 5%-იან ზრდაზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებია. აპრილის ეკონომიკურმა ზრდამ მხოლოდ 0.9% შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება. ანალოგიური პროგნოზი აქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), რომელიც საქართველოში ასევე 2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. 

2015 წლის ბიუჯეტით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5%-ით არის დაგეგმილი, თუმცა ქვეყნაში შექმნილი სავალუტო კრიზისის გამო, მეორე კვარტლის ბოლოს მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებას და სამიზნე ეკონომიკური ზრდის 3%-ით კლებას გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეიცვლება ბიუჯეტის ხარჯვითი და საშემოსავლო ნაწილები.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს დაგეგმილზე 0.3%-ით ნაკლებად, 4.7%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი მაქსიმალური წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც მან 7.3% შეადგინა. თუკი 2015 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2% იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ვერ მოხდება დაგეგმილი რაოდენობით გადასახადების მობილიზება, რადგანაც ეკონომიკური აქტივობა შემცირებული იქნება.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3%-ით არის განსაზღვრული. თუკი საქართველოს ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებით 1%-ით გაღარიბდება.

საქსტატის მონაცემები წინასწარია და რეალურ კვარტალურ მონაცემს შესაძლოა არ ემთხვეოდეს.

კომენტარები