საქართველო-აშშ

პრეზიდენტი ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალს შეხვდა

mod.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის პირველმა პირმა გენერალი ჰოჯესი საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისთვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს NATO-სთან პარტნიორობის გაღრმავების მხარდაჭერისათვის.

„საქართველოს სახელმწიფოს სახელით მადლობას გიხდით იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი მიმართულების, NATO-სთან პარტნიორობის გაღრმავებისა და განმტკიცებისათვის. ეს მიმართულება სახელმწიფოებრივად და პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენმა ჯარისკაცებმა თავისი სიცოცხლის ფასად დაამტკიცეს ამ არჩევანის მნიშვნელობა. მოხარული ვარ, რომ გვყავს ასეთი ღირსეული პარტნიორები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამერიკელმა გენერალმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საპატიო ჯილდოსთვის და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე გაამახვილა.

„ჩემთვის დიდი პატივია იმ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ აღიარება, რომელთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მჭიდრო ურთიერთობა აქვს; დიდი პატივია, ვხედავდე საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“, - აღნიშნა ფრედერიკ ჰოჯესმა.

კომენტარები