რიგის სამიტი

ღარიბაშვილი: ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია

ირაკლი ღარიბაშვილი
მეორე არხი

ევროკავშირის მხრიდან ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და მხოლოდ ტექნიკური პროცედურების დასრულებაა საჭირო, - ამის შესახებ რიგაში საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოს წინა ხელსუფლებას არ დაუწყია და ახალმა მთავრობამ ამ საქმეში დიდ პროგრესს მიაღწია.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის სოციალისტური პარტიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი და შვედეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.

ფორუმზე მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიღწევებზე და ქართული ოცნების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველომ ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნახტომი გავაკეთეთ სულ რაღაც 6 თვეში. სამწუხაროდ, ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, მაშინ, როდესაც მოლდოვამ დაიწყო. მოლდოვამ ვიზის ლიბერალიზაციას უკვე მიაღწია, რადგან მათ პროცესი ჩვენზე ადრე დაიწყეს. ძალიან საინტერესოა, რატომ არ დაიწყო ეს წინა ხელისუფლებამ. ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ეს პროცესი. ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე ამ პროცედურებს დავასრულებთ და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს პროგრესის დაფიქსირებას ელოდება ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცეპრეზიდენტი სერგეი სტანისევიჩი. „ვფიქრობ, საქართველოსთვის იქნება ძალიან კარგი ახალი ამბავი. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ჩვენ ვიცით, რომ ვიზის საკითხები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვართ, სამიტზე იქნება პროგრესი", - აღნიშნა სტანისევიჩმა.

კომენტარები