თბილისის მერი დავით ნარმანია ინფორმაციას ხუთი ახალი მრჩევლის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ უარყოფს. მისი თქმით, უბრალოდ, არსებული "შტატების თავმოყრა" მოხდება.
"რაიმე სახის დამატებითი მრჩევლების დანიშვნას ეს ცვლილება არ ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციაში, სხვადასხვა მიმართულებით იყო შტატები გაფანტული, ამ ცვლილებით ხდება ერთიანად თავმოყრა. მით უმეტეს, მრჩევლები ჩვენ გვყავს ცენტრალურ აპარატში, ასე რომ, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამით არ ხდება და უმჯობესია, საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში", - თქვა მერმა.
საკრებულოს ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში კი თვლიან, რომ თბილისის მერს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს, რასაც დოკუმენტაცია ადასტურებს.
"უცნაურია მერის პოზიცია, რომელიც ცდილობს, ტელევიზიის საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ მთელს მერიის ადმინისტრაციაში სულ არსებობდა სამი მრჩევლის თანამდებობა, მერს ჰყავდა მხოლოდ და მხოლოდ 2 მრჩეველი აქედან. ახალი ცვლილებებით მას ეყოლება 5 მრჩეველი. ანუ იზრდება როგორც მთლიანი საშტატო რიცხოვნობა, ასევე იზრდება მერის მრჩევლების რაოდენობა. ასე რომ, მერის ნათქვამი არის ნამდვილად ტყუილი, თუმცა, მთავარი კითხვა აქ ისმის, რა დარგის მრჩევლები ეყოლება მერს, რამდენად კვალიფიციური და საერთოდ საჭირო არის თუ არა", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მმართველი გუნდის საკრებულოს დეპუტატებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ხუთი ახალი მრჩევლის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია დღეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თამაზ შოშიაშვილმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, თბილისის მერმა 14 მაისს განაცხადით მიმართა საკრებულოს საშტატო ერთეულის 5 მრჩევლით გაზრდის შესახებ. შოშიაშვილის განცხადებით, ეს იმ დროს, როცა მერს ორი მრჩეველი, ვიცე-მერი და ხუთი მოადგილე ჰყავს.





