დანაშაულის სტატისტიკა

შსს: წინა წელთან შედარებით, 2015-ის იანვარ-აპრილში დანაშაულმა იკლო

REUTERS

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 11787 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 6226. დანაშაულის გახსნის პროცენტია 52.82%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა -12.91%.

2014 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, შემცირებულია განზრახ მკვლელობის მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის ოდენობა, ხოლო განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში 66.67%-თაა გაზრდილი.

შსს-ს ცნობით, შემცირებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელიც. 

2015 წლის იანვარ-აპრილში ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი მკვეთრად აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამავე მუხლით ჩადენილ დანაშაულს. მიმდინარე წლის ოთხ თვეში 202 შემთხვევით ანუ 125.47%-ით მეტი დაფიქსირდა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია გაუპატიურების, მძევლად ხელში ჩაგდების, ყაჩაღობის მაჩვენებელი. რაც შეეხება ქურდობასა და ძარცვას, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, შსს-ს მონაცემებით, კლება დაფიქსირდა. 

2014 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, 700%-თაა გაზრდილი დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ. ამდენივე პროცენტითაა გაზრდილი ტერორიზმის მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის ოდენობაც.

კომენტარები