დანაშაულის სტატისტიკა

შსს: გასული წლის აპრილთან შედარებით, დანაშაულმა იკლო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო აპრილის თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების მონაცემებით, ამ თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 2981 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა - 1277. დანაშაულის გახსნის პროცენტია - 42.84%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა -7.22%.

უწყების სტატისტიკური მონაცემებით, აპრილის თვეში განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა მოხდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28.57%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, 2014 წლის აპრილთან შედარებით, მაჩვენებელი 400%-თაა გაზრდილი.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის ოდენობა. აპრილის თვეში ასეთი 14 შემთხვევა დაფიქსირდა(-26.32%). შემცირებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მაჩვენებელიც.

2014 წლის აპრილთან შედარებით, 97.44%-თაა გაზრდილი ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი. გაზრდილია გაუპატიურების მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის ოდენობაც. მიმდინარე წლის აპრილში ასეთი 4 დანაშაული დაფიქსირდა(+33.33%).

რაც შეეხება ქურდობას, აპრილში ამ მუხლით დარეგისტრირდა 792 დანაშაული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.41%-ით მეტია. შემცირებულია ძარცვის მაჩვენებელი(-5.56%), ხოლო ყაჩაღობა გაზრდილია 123.53%-ით.

შსს-ს ცნობით, აპრილის თვეში დაფიქსირდა ტერორიზმის 2 შემთხვევა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ასეთი დანაშაული არ მომხდარა.

კომენტარები