კრიზისი უკრაინაში

რუსული მხარე: უკრაინაში ტყვედ გადამდგარი სამხედროები ჩავარდნენ

AFP

უკრაინის ხელისუფლება ორი რუსი სპეცრაზმელის ტყვედ ჩაგდების დეტალებზე საუბრობს. საგანგებო ბრიფინგზე კიევში ჟურნალისტებს რუსული წარმოების იარაღიც უჩვენეს, რომლითაც, უკრაინის სამხედრო უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, მხოლოდ რუსულ სპეცრაზმს აიარაღებენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროების ტყვედ ჩავარდნის შემდეგ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან სპეცრაზმელთა სასწრაფოდ გაყვანა დაიწყო.

დაკავებულთა ჩვენებების თანახმად, კაპიტანი ევგენი ეროფეევი და სერჟანტი ალექსანდრ ალექსანდროვი გრუ-ს სპეცრაზმის მესამე ბრიგადის მოსამსახურეები არიან, რომელიც ქალაქ ტოლიატიშია დისლოცირებული.

"ამჟამად დაკავებულები კიევის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან. ვერ გეტყვით, როდის შევძლებთ ჟურნალისტების მათთან შეხვედრის ორგანიზებას. მათთან შესახვედრად ეუთოს წარმომადგენლები მოვიწვიეთ", - განაცხადა უკრაინის გენშტაბის უფროსმა ვიქტორ მუჟენკომ.

"მათ მოგვცეს ჩვენებები. ყველა დეტალს ვერ გავამხელ, რადგან გამოძიება გრძელდება, მაგრამ აბსოლუტურად ვართ დარწმუნებული, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები არიან. ისინი იღებენ ყველა სახის სამედიცინო დახმარებას, ექნებათ ნათესავებთან კავშირის საშუალება. მათ ბრალად ტერორიზმი ედებათ", - თქვა უშიშროების სამსახურის უფროსის მრჩეველმა მარკიან ლუბკივსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ამ საკითხის კომენტირებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ უკრაინაში რუსი სამხედროები არ არიან. რუსეთს თავდაცვის სამინისტრომ კი დაკავებულთა ვინაობა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობდნენ და უკრაინაში მოხალისეებად იმყოფებოდნენ. რუსეთის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ ტყვეთა გათავისუფლებას ყველა არხის მეშვეობით შეეცდება.

კომენტარები