ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამშრომლები: ჩვენი პროტესტი არაა მიმართული ზაზა აბაშიძის წინააღმდეგ

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, მათი პროტესტი არაა მიმართული ცალკეული პიროვნებების, მათ შორის, ზაზა აბაშიძის, წინააღმდეგ. თანამშრომლები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს მიმართავენ.

"ბოლო ხანს განვითარებულმა მოვლენებმა შექმნა მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები უპირისპირდებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე შერჩეულ კანდიდატს, ბატონ ზაზა აბაშიძეს.

ცენტრის თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ ჩვენი პროტესტი მიმართული არ არის ცალკეული პიროვნებების მიმართ. ჩვენი პოზიცია დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით გამოთქმულია ჩვენს წერილში, რომლითაც მივმართავთ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მიმართვა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ამჟამად ვიმყოფებით ჩვენთვის სრულიად უჩვეულო მდგომარეობაში – პროტესტს გამოვხატავთ იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იჩენს ცენტრის მიმართ. საქმე ეხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის კანდიდატის შერჩევას, რასთან დაკავშირებითაც ცენტრს აქვს შემდეგი პოზიცია:

ცენტრის სპეციფიკიდან გამომდინარე, დირექტორის შერჩევაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ხელნაწერთა ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები, სამცნიერო საბჭო. ამ გზით აირჩია ცენტრმა მისი დირექტორები, 90-იან წლებში ბატონი ზაზა ალექსიძე, ხოლო 2008 წელს – ბატონი ბუბა კუდავა. დირექტორის არჩევა იყო სწორედ წლების მანძილზე ჩვენი ცენტრის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი. ცენტრმა, ერთი მხრივ, შეინარჩუნა ის მეცნიერული გეზი, რომელიც მისი მაღალი საერთაშორისო სამეცნიერო სტატუსის განმსაზღვრელია, და, ამავე დროს, ის საზოგადოების ფართო წრეების ყურადღების ცენტრში მოექცა.

2011 წლიდან ჩვენს სამეცნიერო დაწესებულებას დირექტორის არჩევის უფლება ჩამოერთვა. ჩვენი მოთხოვნაა, დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს და მის სამეცნიერო საბჭოს უფლება, თავად აირჩიოს ხელმძღვანელი, რომელიც პროფესიულად ხედავს ცენტრის განვითარების პერსპექტივას. სწორედ ცენტრის მეცნიერ-თამანშრომლებმა იციან ყველაზე უკეთ ცენტრის დღევანდელი მოთხოვნები და თანამედროვე საჭიროებები; სწორედ მათი აზრი უნდა იყოს გადამწყვეტი ისეთი აქტუალური საკითხის განხილვისას, როგორიც ცენტრის მომავალი ადგილმდებარეობა და მისი პროექტია.

ჩვენი მცდელობა, ხმა მიგვეწვდინა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ამ საკითხთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა. დღეისათვის მდგომარეობა იმდენად დაძაბულია, რომ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა დიალოგის გზით სამინისტროსთან უკვე ვეღარ ხერხედება. გთხოვთ, დროულად ჩაერთოთ ამ კონფლიქტის მოგვარებაში, რათა ცენტრის თანამშრომლებს მოგვეცეს საშუალება, დავუბრუნდეთ ჩვენს ჩვეულ რეჟიმს და გავაგრძელოთ სამეცნიერო საქმიანობა.

ასევე გთხოვთ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განიხილოთ უფრო მაღალი სტატუსის მქონე მაკონტროლებელ ორგანოსადმი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაქვემდებარების საკითხი", - წერია განცხადებაში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დღეს დილიდან გაიფიცნენ. დახურულია სამკითხველო და საგამოფენო დარბაზები, საცავები და ბიბლიოთეკა, გაუქმებულია ყველა დაგეგმილი ღონისძიება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

კომენტარები