ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

პრემიერი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე: კარგად დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა ყველაფერი

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებული მოვლენები პოლიტიზებული და ხელოვნურად შექმნილი იყო. ამასთან, პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ცენტრისთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება.

"ხელნაწერთა ინსტიტუტთან დაკავშირებით იცით ალბათ ყველამ, რომ რაღაც გარკვეული აჟიოტაჟი შეიქმნა. ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული. იქ არავითარი საფუძველი არ არსებობდა, ეს იყო ძალიან პოლიტიზებული და ძალიან კარგად დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა ეს ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ ინტერესი "აშკარად გაზრდილია".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დირექტორის არჩევის უფლების სამეცნიერო საბჭოებისთვის დაბრუნებას, მაკონტროლებელი ორგანოს შეცვლას და ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ამ კონკურსის შედეგად ხელნაწერთა ცენტრის ხელმძღვანელად ზაზა აბაშიძე დაინიშნა. მან ბუბა კუდავა შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან განათლების სამინისტრომ გადააყენა. თავად ბუბა კუდავა გათავისუფლებას თავის "პრინციპულ პოზიციას" უკავშირებს. მისი თქმით, "არასწორი ხარჯების, დარღევების, არაეფექტური მმართველობის შესახებ ქალბატონმა მინისტრმა საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელნაწერთა ცენტრის კოლექტივმა და პირადად მე საკმაოდ პრინციპული პოზიციები დავიჭირეთ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. ერთი გახლავთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დღევანდელი ტერიტორიის საკითხი და მეორე გახლავთ ლაილაშის ბიბლიის შესაძლო გატანის თემა ხელნაწერთა ცენტრის საცავიდან".

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების უკმაყოფილების მიზეზი დაბალი ხელფასებიც იყო. IDFI-ის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მძღოლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ორჯერ აღემატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობრივ სარგოს. ასევე, NAEC-ში დასაქმებული დამლაგებლის, მეეზოვის, მებაღის თუ დამხმარე მუშის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები დაახლოებით ორჯერ აღემატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა თუ მეცნიერ-თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოს.

სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც შტატით გათვალისწინებულია 113 თანამშრომელი, მაქსიმალური თანამდებობრივი სარგო (დირექტორის ანაზღაურება) შეადგენს 490 ლარს (ხელზე 392 ლარი), ხოლო მინიმალური - 175 ლარს, საშუალო ხელფასი შეადგენს 300 ლარს.

კომენტარები