ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლების თქმით, დირექტორად ზაზა აბაშიძე დაინიშნა

1tv.ge

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, დირექტორად ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე დაინიშნა. მათი განცხადებით, ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა სანდო წყარომ მიაწოდა. ცენტრის თანამშრომლები ამ წუთებში იკრიბებიან და გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებენ. მათი თქმით, კომისია, რომელმაც გასაუბრება ჩაატარა სუბიექტური იყო და მასში, თამარ სანიკიძე, მისი მოადგილეები, ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე შედიოდნენ.

ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში შეეცადა, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ. თავად ზაზა აბაშიძე მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, მან გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება დაძაბული მდგომარეობის გასანეიტრალებლად გადაწყვიტა. განათლების სამინისტროში კანდიდატებთან გასაუბრებები დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

"რამდენიმე კოლეგამ მირჩია რომ გადამედგა ეს ნაბიჯი და მათ შორის რამდენიმე თანამშრომელმა ხელნაწერთა ცენტრიდან ცოტა მძიმე იყო ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა მაგრამ საბოლოო ჯამში იმის გამო რომ დაძაბული მდგომარეობა იყო ამ დაძაბული მდგომარეობის ასე ვთქვათ მშვიდობიანად დამთავრების მიზნით გადავდგი ეს ნაბიჯი", - განაცხადა აბაშიძემ.

კომისიასთან შეხვედრამდე ბუბა კუდავამ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც ხელმძღვანელად დარჩენის შემდეგ გააგრძელებს, თუმცა მან ხაზი გაუსვა იმ ზეწოლასაც, რომელსაც განათლების მინისტრი შესარჩევ კომისიაზე ახორციელებს. ბუბა კუდავას მხარდასაჭერად დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები შეიკრიბნენ. ისინი ცენტრის დირექტორის პოზიციაზე სხვა კანდიდატის დანიშვნას არც განიხილავენ და იმედს გამოთქვამენ, რომ შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდება.

ხელნაწერთა ცენტრსა და განათლების სამინისტროს შორის უთანხმოება რამდენიმე საკითხს უკავშირდება. ცენტრის თანამშრომელთა უკმაყოფილების მიზეზი დაბალი ხელფასები და სამინისტროს მხრიდან უგულისყურო დამოკიდებულებაა. გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ სამინისტრო ხელნაწერთა ცენტრის ახალი შენობის ადგილად სამების ტაძრის ეზოს განიხილავს, რაც მათთვის მიუღებელია.

კომენტარები