NDI-ის კვლევა

NDI: გაორმაგდა მათი რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, თითქმის ორჯერ შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 2014 წლის აგვისტოში, 40% ფიქრობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ხოლო ახლა, ასე მხოლოდ 23% მიიჩნევს. გარდა ამისა, 2013 წლის ნოემბერში 50%-ზე მეტი ფიქრობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ყველაზე მაღალი კი, ეს მონაცემი 2012 წლის თებერვალში (60%-ზე მეტი) იყო.

ამასთან, წინა კვლევასთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კერძოდ, 2014 წლის აგვისტოში, კვლევაში მონაწილეთა 17% მიიჩნევდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, დღეს კი, ასე NDI-ის გამოკითხულთა 37% ფიქრობს. 2013 წლის ნოემბერთან შედარებით კი, ოთხჯერ გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება. მაშინ, ასე მხოლოდ 8% ფიქრობდა.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი-19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოჰკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2.3%-ია.

კომენტარები