თეორემა

განათლების სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც განათლების სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს დაუპირისპირდა - კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თამარ სანიკიძემ ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.

ცენტრის თანამშრომლების თქმით, სამინისტრო თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად მოქმედებდა - მათი მიზანი ცენტრის სხვა ადგილას გადატანა და არსებული შენობის სხვა მიზნებით გამოყენებაა. თამარ სანიკიძე ბუბა კუდავას არაეფექტიანად მართვასა და ხარჯების არასწორად გადანაწილებაში სდებს ბრალს. მინისტრი ამტკიცებს, რომ ბუბა კუდავა პრემიებს არასწორად ანაწილებდა - ცენტრის თანამშრომელთა თქმით, ორგანიზაციას ისედაც მწირი ბიუჯეტი ჰქონდა და თანამშრომელთა დიდი ნაწილი სწორედ ენთუზიაზმის ხარჯზე იცავდა შეუფასებელ ექსპონატებს. აღსანიშნავია, რომ ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსის პირობები მხოლოდ 490 ლარიან თანამდებობრივ სარგოს ითვალისწინებს, ეს მაშინ, როდესაც, მაგალითად, განათლების მინისტრის მოადგილე ყოველთვიურად 2950 ლარიანი ხელფასთან ერთად 1475 ლარიან დანამატსაც იღებს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის შეფასებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შეუსაბამოდ დაბალი ხელფასებია. როგორც IDFI-ში აცხადებენ, ხელნაწერის ეროვნული ცენტრიდან სრულყოფილად მოწოდებული დოკუმენტაცია ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ უწყებაში დასაქმებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურება შეუსაბამოა საქართველოს საჯარო სამსახურში არსებულ სახელფასო პოლიტიკასთან. IDFI-ის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მძღოლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ორჯერ აღემატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობრივ სარგოს. ასევე, NAEC-ში დასაქმებული დამლაგებელის, მეეზოვის, მებაღის თუ დამხმარე მუშის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები, დაახლოებით ორჯერ აღემატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა თუ მეცნიერ თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოს.

დაპირისპირების პოლიტიკურ ასპექტზე საუბრობს ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ბუბა კუდავა - მისი თქმით, სანიკიძის გადაწყვეტილება მის წინააღმდეგობას მოჰყვა - კუდავა სამების ლავრის ტერიტორიაზე ცენტრის გადატანასა და ისრაელისთვის ლაილაშის ბიბლიის გადაცემას აპროტესტებდა.

ლაილაშის ბიბლია ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ექსპონატია, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება - მეათე საუკუნის ხელნაწერი პრაქტიკულად ერთადერთი სრულად შემორჩენილი ებრაულ ენაზე დაწერილი ბიბლიაა. ის გასული საუკუნის 50-იან წლებში ქართველმა მკვლევრებმა ლეჩხუმის რაიონის სოფელ ლაილაშში აღმოაჩინეს. ბიბლიის გადაცემას საქართველოს ებრაელთა მუზეუმი ითხოვს. მკვლევართა პროტესტის შემდეგ პრემიერმინისტრის ადმინიტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბიბლია ცენტრის საცავებში დარჩება.

ვაკანტურ პოსტს უკვე გამოუჩნდნენ მსურველები - აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის ვაჟი, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ მას უკვე შესთავაზეს ეს თანამდებობა. ამ თანამდებობის კიდევ ერთი მსურველი ისტორიკოსი ზაზა აბაშიძეა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ბუბა კუდავასთან.

კომენტარები