სამთავრობო ცვლილებები

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკომიტეტო მოსმენა პროტესტის ნიშნად დატოვა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში მიმდინარე იურიდიული, ადამიანის უფლებათა, თავდაცვის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. უმცირესობის დეპუტატის გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციისთვის გამოყოფილი 2-წუთიანი დრო მინისტრისთვის კითხვის დასასმელად, ძალიან ცოტაა. მისივე განცხადებით, პარლამენტის წევრები "მსმენელები" არ არიან და მინისტრობის კანდიდატების 7-წუთიან გამოსვლებს კითხვა-პასუხის რეჟიმისთვის დროის დამატება სჯობდა.

გიორგი ვაშაძემ კითხვა-პასუხის ფორმატისთვის დროის დამატება მოითხოვა, თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, რეგლამენტით სხდომისთვის მხოლოდ ორი საათია განსაზღვრული და დროს ვერ დაამატებენ, რადგან შემდეგ სხვა სხდომა იწყება. ვაშაძემ სხდომის სხვა დარბაზში გადატანა მოითხოვა, თუმცა, უარი მიიღო. ამის შემდეგ, ენმ-ის წევრებმა სხდომა დატოვეს. 

ამ წუთებში იუსტიციის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, სასჯელაღსრულების, დევნილთა მინისტრობის კანდიდატებს, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს კითხვებს უმრავლესობის წევრები უსვამენ.

კომენტარები