ფოკუსი

6 მაისი,2015

- გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეს გადაუგზავნა - მსგავსი დაგვიანების მიზეზი მან თავიდანვე განმარტა და თქვა, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მსგავსი გადაწყვეტილებები მშვიდ გარემოში უნდა მიიღონ. ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკუთარი გადაწყვეტილებების შესაებ 1 მაისს აცნობა.

- საქართველოს პარლამენტი მთავრობის წევრებისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე სავარაუდოდ 8 მაისს იმსჯელებს. პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამისი მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნა. როგორც დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე თქვა, დღის წესრიგში იქნება მთავრობის დამტკიცება და თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა.

- ეროვნული ვალუტა დღეს კვლავ გაუფასურდა - სავალუტო კრიზისის მიზეზები კი შესაძლოა პარლამენტში საგამოძიებო კომისიამ გამოიკვლიოს. ეროვნული ბანკის ანგარიში უკვე პარლამენტშია, დღეს დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტი ამ ანგარიშს აუცილებლად განიხილავს.

- გალფის ქსელის მომხმარებლებს დღეს ყველა კატეგორიის საწვავის ფასი 5 თეთრით გაზრდილი დახვდათ. სხვა კომპანიებმა საწვავის ფასის კიდევ ერთხელ გასულ კვირას გაზარდეს. ფასების ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირდება, რადგანაც კომპანიები საწვავს უცხოურ ვალუტაში ყიდულობენ და ლარში ყიდიან.

- დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი ნახევარი პროცენტით, ხუთ პროცენტამდე გაზარდა. ბანკმა ეს გადაწყვეტილება ინფლაციური მოლოდინების გაძლიერების გამო მიიღო. განაკვეთის ზრდა რეფინანსირებაზე მიბმულ სესხებს გააძვირებს. ბანკი წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთს ხუთნახევარ პროცენტამდე გაზრდის. ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს, ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების კლებას უკავშირებს.

კომენტარები