სავალუტო კრიზისი

ეროვნული ვალუტა უმნიშვნელოდ გამყარდა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა, რომელიც ხვალ ხუთ საათამდე, შემდგომი სავალუტო აუქციონის შედეგების გავრცელებამდე იმოქმედებს. დღეს დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 0.07 თეთრით გამყარდა, ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.3214 ლარი ეღირება. ლარმა გამყარების ტენდენცია გუშინ შეიძინა, როდესაც ის დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გამყარდა.

ამ გამყარების მიუხედავად, ეროვნული ვალუტა მაინც გასული თექვსმეტი წლის მინიმუმამდე არის გაუფასურებული. 

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 0.05 თეთრით გამყარდა, ხვალ ერთი ევრო 2.581 ლარი ეღირება. 

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. ეროვნული ბანკი სისტემაში დადებული გარიგებების მონიტორინგს ყოველდღიურად ახდენს, რაც ბაზარზე სპეკულაციების ალბათობას პრაქტიკულად მინიმუმამდე ამცირებს. 

აპრილში ეროვნული ვალუტა 4%-ით გაუფასურდა, ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა ბიუჯეტის ხარჯვამაც იქონია, რადგანაც გასული თვის მანძილზე მთავრობა ბიუჯეტს დეფიციტურად ხარჯავდა. 

ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზს დოლარის ინდექსის შემცირება წარმოადგენს. საქართველოში არსებული სავალუტო კრიზისი ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემოდინების შემცირებას უკავშირდება. უცხოური ვალუტის შემომავალი ნაკადების შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე უარყოფითად აისახება. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. 

კომენტარები