სავალუტო კრიზისი

ლარი დოლართან 0.01 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 1 თეთრით გაუფასურდა

moneymuseum.nbg.gov.ge

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ერთი კვირაა მყარდება - ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.3816 ლარს შეადგენს. გასული ერთი კვირის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით 7 თეთრით გამყარდა. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა დღეს ერთი თეთრით გაუფასურდა, ერთი ევროს ოფიციალური კურსი 2.67 ლარს შეადგენს.

მთავრობა ლარის კურსის შემდგომ გაუფასურებას არ ელის. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეფასებით, ის მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსზე ახდენდა უარყოფით გავლენას, სრულად ამოწურულია. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ამბობს, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება და ეს ყველასთვის ცნობილია.

ეროვნულმა ბანკმა 23 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე გაზარდა, ერთი დღით ადრე კი სავალუტო ბაზარზე $40-მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა, საიდანაც $27 მილიონი კომერციულმა ბანკებმა იყიდეს. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტის $455 მილიონით შემცირებასთან ერთად იმპორტი $561 მილიონით შემცირდა, იმპორტის შემცირება ექსპორტის შემცირებას წელს სრულად აბალანსებს. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა, წლევანდელი სავალუტო კრიზისის მინიმუმი 21 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარი 2.45-ზე 0.0001 თეთრით ნაკლები ღირდა. 

კომენტარები