სამომხმარებლო ბაზარი

საქსტატი: აპრილში სურსათი, საცხოვრებელი და ჯანდაცვა გაძვირდა

საქსტატი

საქართველოს ეროვნულმა სტატისტიკის სამსახურმა დღეს, 4 მაისს, აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით ინფლაციის დონემ 2.5% შეადგინა. აპრილში გაძვირდა სამომხმარებლო კალათაში შემავალი გარკვეული საქონლისა და მომსახურების ღირებულება. 

საქსტატის ცნობით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.7%-ით, რამაც მთლიანად ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე 0.84%-იანი გავლენა იქონია. ფასებმა მოიმატა შემდეგი სახის პროდუქციაზე: ხილი და ყურძენი (29.2%), ზეთი ცხიმი (6.1%), ამასთან ერთად, ფასები შემცირდა ბაღჩეულსა და ბოსტენულზე (-6.2%), ყველი და კვერცხი (-3%).

მოცემულ პერიოდში 6.4%-იანი ფასების მატება დაფიქსირდა ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე, რამაც მთლიანად ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე 0.65%-იანი გავლენა იქონია. ამბულატორიულ მომსახურებაზე ფასები 5.4%-ით გაიზარდა, 4.6%-ით გაიზარდა ფასი საავადმყოფოს მომსახურებაზე, ხოლო სამედიცინო აპარატურისა და მომსახურების ჯგუფზე - 8.9%-ით. 

საცხოვრებელი სახლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ჯგუფზე ფასი 1.4%-ით გაიზარდა. 

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ქვეჯგუფზე კი წინა წელთან შედარებით ფასები 11%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.56%-ით აისახა. ამ ქვეჯგუფში ფასების ზრდა სახელმწიფოს მიერ ამ პროდუქტებზე აქციზის ფასის ზრდას უკავშირდება. 

ზოგიერთ ქვეჯგუფზე წინა წელთან შედარებით ფასები შემცირდა, ასეთია ტრანსპორტის ჯგუფი, სადაც ფასები წინა წელთან შედარებით 5,1%-ით შემცირდა. ასევე 9.6%-ით შემცირებულია ფასები ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაზე. ფასები ასევე 5.1%-ით შემცირებულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქვეჯგუფზე.

საქსტატი წლიურ ინფლაციასთან ერთად ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელსაც აქვეყნებს. წელს აპრილში მარტთან შედარებით სამომხმარებლო კალათის ღირებულება 0.3%-ით გაიზარდა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ასევე აპრილში საწვავის ფასის ზრდა აისახა, იმის მიუხედავად, რომ წინა წელთან შედარებით საწვავის ფასი ჯერ კიდევ ნაკლებია. ლარის გაუფასურების ტენდენციის გაძლიერების გამო აპრილში საწვავის ფასი გაიზარდა, რამაც ტრანსპორტის სექტორში ფასების 1.8%-იანი მატება გამოიწვია. 

სავალუტო შოკის გამო საქართველოში იმპორტირებული საქონლის ღირებულება გაიზარდა, ხოლო იმის გამო, რომ მთელი რიგი სამომხმარებლო პროდუქცია იმპორტირებულია, მათზე ფასების კიდევ უფრო დიდი ზრდა არის მოსალოდნელი. ეროვნული ბანკის საპროგნოზო ინფლაცია წელს 5%-ს შეადგენს.

კომენტარები