ახალი მინისტრთა კაბინეტი

ხიდაშელი და აგულაშვილი თანამდებობის ოფიციალურად გადაბარებას ორშაბათს გეგმავენ

თავდაცვისა და გარემოს მინისტრობის კანდიდატები სამინისტროებში მისვლას და თანამდებობის ოფიციალურად გადაბარებას ორშაბათს გეგმავენ - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა და გიგლა აგულაშვილმა პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

მათი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და სასწრაფოდ გასავლელი საკითხები.

„პირველი შეხვედრა იყო და შევთანხმდით 24/7 სამუშაო რეჟიმზე – ანუ 24 საათიან რეჟიმში მუშაობაზე 7 დღის განმავლობაში მუდმივ კონტაქტზე, მუდმივ კონსულტაციასა და ერთობლივ საქმიანობაზე. გავიარეთ რამდენიმე ის ღონისძიება, რომელიც სასწრაფოდ იყო გასავლელი. ამის შემდეგ იქნება სამინისტროში მისვლა. უფრო დეტალური საუბარი მომავალ კვირას გვექნება, მას შემდეგ, რაც შევალთ სამინისტროში. ორშაბათს, 10:00 საათზე, მე და ბატონი მინდია მივალთ თავდაცვის სამინისტროში, სადაც ის უკვე ოფიციალურად გადმომაბარებს სამუშაო ოთახს და სამუშაო რეჟიმს" - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გიგლა აგულაშვილის თქმით, ისიც ყოფილ მინისტრთან ერთად მივა სამინისტროში, მანამდე კი ელგუჯა ხოკრიშვილს პირადად შეხვდება. გარდა ამისა, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ უკვე მიიღო პირველი დავალებები პრემიერმინისტრისგან.

„მეც ვაპირებ ცოტა ხანში შევხვდე ყოფილ მინისტრს, ბატონ ელგუჯა ხოკრიშვილს. მინდა მასთან კომუნიკაცია, შეთანხმება გვაქვს ამის თაობაზე. ორშაბათს მეც ასევე ვაპირებ მასთან ერთად მივიდე სამინისტროში, გავეცნო კოლექტივს და შემდეგ უკვე დავიწყოთ ყოველდღიური მუშაობა 24/7-ის რეჟიმში. პრემიერს ჩვენგან აქვს ინიციატივების, რეფორმების მოლოდინი. კონკრეტული კონტურები, მინიშნებები, შეიძლება ითქვას, ჩვენ უკვე გვაქვს, იდეები გვაქვს. თუმცა მე ვგეგმავ, რომ ამის თაობაზე, როცა ეს იდეები დახვეწება, სხვა ფორმატში უფრო ვისაუბრო" - განაცხადა აგულაშვილმა.

კომენტარები