სამთავრობო ცვლილებები

ხიდაშელი აფხაზეთზე: არ მცალია ამ ტიპის ტყუილის და აჟიოტაჟისთვის

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი უარყოფს, რომ აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ მიიჩნევდა. ხიდაშელმა საკუთარი განცხადებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ტყუილი და აჟიოტაჟი" უწოდა.

"ამას პერიოდულად ავრცელებენ და ჩემთვის გასაგებია იმ ადამიანების ამოცანები, მაგრამ მე ამ თემებზე დიდი ხანია საუბარი დავასრულე, იმიტომ რომ არ მცალია ამ ტიპის ტყუილის და აჟიოტაჟისთვის", - უთხრა ხიდაშელმა ტაბულას.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი 2001 წელს აცხადებდა, რომ აფხაზები თავად გადაწყვეტენ, რუსული ორიენტაციით ურჩევნიათ ყოფნა თუ ქართულით. ის ასევე არ მიიჩნევდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ამის შესახებ ხიდაშელმა 2001 წელს სოჭში, ქართულ-აფხაზურ კონფერენციაზე - "სტაბილურობის პაქტი კავკასიაში და სამშვიდობო პროცესის სტრატეგია", სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენელ ბათალ კობახიასთან დიალოგში თქვა. 

"მე ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ცხოვრებას და არ ვაპირებ არსად წასვლას. მაგრამ მინდა, ვიბრძოლო იმისთვის, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ საქართველოში, როგორშიც მე მინდა, რომ იცხოვრონ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. ვიმეორებ, აფხაზეთით თუ აფხაზეთის გარეშე - ეს ჩემთვის ყველაზე მცირე პრობლემაა. და მჯერა, მაშინ კონფლიქტი გადაწყდება. არ ვიცი, როგორ გადაწყდება, ვიცხოვრებთ სხვადასხვა ქვეყნებში თუ არა, მაგრამ აფხაზები, ალბათ თავად გადაწყვეტენ, როგორ და ვისთან ურჩევნიათ ყოფნა. რუსული ორიენტაციით, ქართული თუ რამე სხვა ორიენტაციით...", - თქვა თავისი გამოსვლისას ხიდაშელმა. 

სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენელმა ბათალ კობახიამ ხიდაშელს უთხრა, რომ "ჩვენ სულ ვსაუბრობთ საქართველოზე და არასოდეს აფხაზეთზე. იმიტომ, რომ როდესაც აფხაზეთზე საუბრობთ, მას საქართველოს ნაწილად მიიჩნევთ, ამიტომაც ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოზე". რაზეც ხიდაშელმა უპასუხა, რომ "ბათალ, არ ვგულისხმობ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია".

კომენტარები