სამთავრობო ცვლილებები

ენმ: მთავრობის ამავე შემადგენლობით დამტკიცება კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, არ წარმოადგინონ და დაამტკიცონ "ივანიშვილის მორჩილი მთავრობა". როგორც ენმ-ის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ხალხის გაღარიბება ქვეყანაში არ დასრულდება მანამ, სანამ ქვეყანაში არ დასრულდება ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა". მისივე თქმით, "ჯერ კიდევ არის დრო, რომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ და პრეზიდენტმა არ დაუშვან ივანიშვილ-ღარიბაშვილის მიერ შექმნილი კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება". ჯაფარიძის შეფასებით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ერთია - პარლამენტმა დაამტკიცოს მთავრობის სრულიად განახლებული შემადგენლობა, რომელიც დამტკიცებისთანავე დაიწყებს ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას.

"დღეს საქართველოს ეროვნული ვალუტა კიდევ რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. მიუხედავად ხელისუფლების არაერთი განცხადებისა, რომ უკანასკნელ თვეებში ლარი დასტაბილურდებოდა, ყველა ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ეს პროცესი გახდა შეუქცევადი ამ მთავრობის, ღარიბაშვილის და ხადურის მმართველობის პირობებში. 

საქართველო, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ მას ჰყავდეს ხალხის და არა ოლიგარქის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა. ჯერ კიდევ არის დრო, რომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ და პრეზიდენტმა მიიღონ გადაწყვეტილება, არ მიაყენონ შეურაცხყოფა ქართულ საზოგადოებას და არ დაუშვან ივანიშვილ-ღარიბაშვილის მიერ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავება. ლარის ვარდნის მიზეზი არ ყოფილა არც სპორტის და არც გარემოს დაცვის მინისტრები. ამიტომ შეეშვით ხალხის დაცინვას. ლარის დღევანდელ მდგომარეობასა და ხალხის გაღარიბებაზე პასუხისმგებელია პირდადად ივანიშვილი და ეს ესმის ყველას - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ლარის ასეთმა გაუფასურებამ გარდაუვალი გახადა ტარიფების ზრდა ელექტროენერგიასა და გაზზე. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება ფასები პროდუქტებზე და ეს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას.

თუ საქართველოს პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ წარმოადგენენ ღარიბაშვილის, ხადურის და მთავრობის მოქმედი მინისტრების კანდიდატურებს პარლამენტში, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ისინი უშუალოდ, პირადად იქნებიან პასუხისმგებელი ლარის შემდგომ გაუფასურებასა და ხალხის შემდგომ გაღარიბებაზე.

გამოსავალი არის ერთი - პარლამენტში უნდა მოხდეს მთავრობის სრულიად განახლებული შემადგენლობის წარმოდგენა. ისეთი მთავრობის, რომელიც არ იქნება ივანიშვილის მრჩილი და რომელიც მყისიერად, პრაქტიკულად დამტკიცების დღესვე დაიწყებს ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას", - გააცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით სამი თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით, ექვსი თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები