საბანკო სექტორი

მარტში კომერციული ბანკების აქტივები 0.8%-ით გაიზარდა

REUTERS

ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით საბანკო სექტორის მთლიანი აქტივების მოცულობა 0.8%-ით არის გაზრდილი და 22.7 მილიარდ ლარს შეადგენს. საბანკო სექტორის აქტივების გარკვეული ნაწილი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, რის გამოც ეროვნული ვალუტის გაუფასურება ლარში მის მოცულობას ზრდის. 

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით საბანკო სექტორის აქტივები გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.4%-ით, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინებით კი 0.8%-ით გაიზარდა. უკანასკნელი მონაცემებით ქვეყნის ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 77.2% შეადგინა.

საბანკო სექტორის შემოსავლები სადეპოზიტო და საკრედიტო პორტფელების სიდიდითაც განისაზღვრება. 

2015 წლის მარტში საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 14.6 მილიარდი ლარი შეადგინა. მარტში ეროვნულ ვალუტაში არსებული სესხების მოცულობა 1.3%-ით, უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების მოცულობა კი 0.4%-ით გაიზარდა. 

სადეპოზიტო პორტფელის მთლიანმა ღირებულებამ თითქმის 12.6 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც 65% აშშ დოლარში არის დენომინირებული. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საშუალო შეწონილი სადეპოზიტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში 8.5%-ს, უცხოურ ვალუტაში კი 5.1%-ს უტოლდება. 

მარტის მდგომარეობით, კომერციული ბანკების თითქმის 22-მილიარდლარიანი აქტივებიდან, 3.6 მილიარდი ლარი ბანკების საკუთარი სახსრებია.

კომენტარები